English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება მწვანე ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სეგმენტი

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება „მწვანე“ ეკონომიკის აქტუალურობას და მნიშვნელობას დღევანდელ პირობებში, როცა კაცობრიობა ძალიან სწრაფად მიექანება ეკოლოგიური კატასტროფისაკენ; მოტანილია მისი, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგის, პრინციპები და ასევე ბოლო დროის „მწვანე“ განვითარების წარმატებული მაგალითები მსოფლიოში (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში). ნაშრომში დაწვრილებითაა განხილული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მნიშვნელობა, რამაც XIX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე უდიდესი აქტუალობა შეიძინა, როგორც ზოგადად ეკოლოგიაზე, ისე კონკრეტულად ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის განხრით. დღეისათვის „მწვანე“ ფილოსოფიამ მსოფლიო მასშტაბები შეიძინა; საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბევრი ქვეყნის მთავრობისათვის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, ეკოპროდუქცია, ბიოპროდუქცია, „ეკო“, „ბიო“, ორგანიკ, IFOAM, “Slow Food”.

დაახლოებით 20-25 წლის წინ დაწყებულმა მრეწველობის უსწრაფესი ტემპებით ზრდის პროცესმა საგრძნობლად შეცვალა კლიმატი დედამიწაზე. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ წყლისა და მიწის რესურსები ჭუჭყიანდება და ილევა; მცენარეთა და ცხოველთა მრავალი სახეობა გადაშენდა, მრავალიც გადაშენების პირასაა; სამრეწველო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამრავლება და გახშირება კატასტროფულ ტემპებს იძენს. ეს ყველაფერი პირდაპირ და ერთმნიშვნალოვნად მიგვანიშნებს, რომ მეურნეობის არსებულმა ფორმამ კაცობრიობისა და პლანეტის ურთიერთდამოკიდებულება კრიზისამდე მიიყვანა. გასაგებია, რომ ბუნებრივი ბიოლოგიური გარემო განსაზღვრული რაოდენობისაა და ადრე თუ გვიან ამოიწურება. ეს კი აუცილებლად გახდება მუდმივად მზარდი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მისი ღარიბი ნაწილის, შიმშილის, ავადმყოფობის და განადგურების მიზეზი, რადგანაც მცირე რაოდენობის ბუნებრივი რესურსები მცირერიცხოვანი მდიდრების ხელში მოხვდება, ეს კი გარდაუვალი სოციალური კრიზისის საფუძველია. სწორედ ამ პრობლემის ფონზე აქტუალური ხდება ე.წ. „მწვანე ეკონომიკა“. ეს ტერმინი ბოლო წლებში გახდა მეტად პოპულარული, პირველად კი იგი გაჟღერდა 1972 წელს სტოკჰოლმში გაეროს კონფერენციაზე, ხოლო 1980 წელს გამოყენებულ იქნა მსოფლიო კონსერვაციის სტრატეგიის ანგარიშში - „რესურსების კონსერვაცია მდგრადი განვითარებისთვის“ რომელიც ერთობლივად განახორციელეს ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა IUCN (International Union for Conservation of Nature), WWF (World Wildlife Fund) და UNDP (United Nations Development Programme ). ეს ტერმინი უპირისპირდება ტერმინს - „ყავისფერი ეკონომიკა“, რაც ნიშნავს ძირითად წიაღისეულის მაქსიმალურად გამოყენებაზე დაფუძნებულ ეკონომიკას. მოგვიანებით გაეროს მიერ შემუშავებულ გარემოს დაცვის პროგრამაში (UNEP) მწვანე ეკონომიკა განსაზღვრულია როგორც მოსახლეობის კეთილდღეობის და სოციალური თანასწორობის ზრდის ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე არასასიკეთო გავლენას და ეკოლოგიური დეგრადაციის რისკებს, ინარჩუნებს რა გარემოს და ეკოლოგიას, მომავალ თაობებს უჩენს შანსს იცხოვრონ ჯანმრთელი გარემოს, მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის პირობებში, ე.ი. აუცილებლად და უპირობოდ ითვალისწინებს მომავალი თაობების ინტერესებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია.

ეკონომიკურ ლიტერატურაში „მწვანე ეკონომიკის“ სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას შეიძლება შევხვდეთ, მაგრამ ყველა მათგანში ხაზგასმულია, რომ იგი არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ეკონომიკის დამოუკიდებელი კომპონენტი: ეკოლოგია, გარემოს დაცვა, სოციალური პოლიტიკა, მოსახლეობის კეთილდღეზბის ზრდა უნდა განიხილებოდეს როგორც რთული, მაგრამ ერთიანი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილები. მისი ძირითადი პრინციპებია:
- სამართლიანობა და ობიექტურობა, როგორც ერთი თაობის ფარგლებში, ისე თაობათა შორის;
- მდგრადი განვითარების პრინციპებებთან თანხვედრა;
- პრევენციული მიდგომა სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების მიმართ;
- „მწვანე“ სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის აღმოფხვრა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს გაეროს გლობალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოებს რეკომენდაცია გაეწიათ მოეხდინათ ეკონომიკური ტრანსფორმაცია მწვანე ეკონომიკისაკენ, რისთვისაც შეიქმნა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტები, რაც რამდენიმე კომპონენტს ითვალისწინებს: განახლებად ენერგიაზე გადასვლა; სატრანსპორტო საშუალებების წარმოების გაზრდა; მდგრადი სოფლის მეურნეობის, ორგანული სასოფლო წარმოების მხარდაჭერა; ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით სამაგალითოა ”მწვანე ეკონომიკის” განხორციელების წარმატებული მაგალითები ზოგიერთ (განსაკუთრებით განვითარებად) ქვეყნაში:
- ჩინეთში წარმატებულად ხორციელდება განახლებადი ენერგიის წყაროების მოძიება და ამ სფეროში მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება გეგმის თანახმად, ჩინეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ქვეყანა 2020 წლისათვის ძირითადი ენერგიის დაახლოებით 16%-ს სწორედ რომ განახლებადი წყაროებიდან აწარმოებს.
- უგანდაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოფლის მეურნეობის წარმოების ორგანული ფერმერული მეურნეობით ჩანაცვლების მიზნით, რაც ძალზედ მომგებიანია როგორც ქვეყნის ეკონომიკისათვის, ასევე საზოგადოებისა და გარემოსათვის. დასახულ ღონისძიებათა თანახმად, ორგანული სოფლის მეურნეობა მოკლე დროში წარმოების მართვის ისეთი სისტემად უნდა იქცეს, რომელიც უზრუნველყოფს და გაზრდის ეკოსისტემის სიჯანსაღეს, მის ბიომრავალფეროვნებას და ბიოლოგიურ აქტიურობას; ის უარყოფს სინთეტიკური მასალების გამოყენებას, როგორიცაა შხამ-ქიმიკატები, პესტიციდები და სინთეტიკური სასუქები. უნდა ითქვას, რომ უგანდა ყველაზე მცირე რაოდენობის სასუქს მოიხმარს მსოფლიოში.
- ინდოეთის ურბანული განვითარების სამინისტროს მიერ ხორციელდება სპეციალური პროგრამა, რომელიც გამიზნულია ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაუმჯობესებაზე.
- ნეპალის ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს ტყეები მოიცავს. ამიტომ ქვეყანაში შექმნილია სატყეო მეურნეობის სპეციალური ჯგუფი, რომელიც მართავს და ამიტომ თვალყურს ადევნებს სატყეო რესურსებს, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოოვანეს ბუნებრივ სიმდიდრეს.
- ქვეყნის დამოკიდებულება გაზსა და ნავთობზე რომ შემცირებულიყო, ტუნისის მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განახლებადი ენერგიის (განსაკუთრებით მზის ენერგიის) გამოყენების გასავითარებლად. შეიქმნა ენერგიის მართვის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარ მიზანს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების შემუშავება და ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენს.
- ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის არსებული ემბარგოს შედეგად კუბაში წარმოიქმნა პესტიციდებისა და სასუქების ნაკლებობა. ამიტომაც მეურნეობები თავად ზრუნავენ საკუთარ პროდუქციაზე, იყენებენ რა ბევრად უფრო ”მწვანე” სასუქებს, ვიდრე ეს ხდებოდა აღნიშნული ემბარგოს შემოღებამდე.

მრავალი სპეციალისტის აზრით, მწვანე ეკონომიკა ექვს მთავარ სექტორს მოიცავს: 1. განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო, მათ შორის ტალღების, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია); 2. მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე სამშენებლო მასალები); 3. სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები); 4. წყლის მენეჯმენტი (წყლის და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება); 5. ნარჩენების მენეჯმენტი (უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა); 6. მიწის მენეჯმენტი (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები, ტყეების განაშენიანება).

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყურადღება დაგვეთმო აღნიშნული საჭირბოროტო პრობლემის ისეთი მნიშვნელოვანი სეგმენტისათვის, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა ანუ მწვანე პროდუქციის წარმოება.

XIX საუკუნეში, ინდუსტრიული რევოლუციის მიმდინარეობის პროცესში, აგროქიმიის განვითარებასთან ერთად, გაჩნდა ნიადაგის განოყიერების და მავნებლებთან ბრძოლის უამრავი ეფექტური მეთოდი. ჯერ ეს იყო სუპერფოსფატები, შემდეგ ამიაკის შემცველები, რომლებიც იყო იაფი და თანაც ეფექტური. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ისინი მართლაც უხვ მოსავალს იძლეოდა. თუმცა თანდათან თვალნათლივ გამოჩნდა ამ მეთოდების ეკოლოგიური შედეგები: ნიადაგის ეროზია, მისი დანაგვიანება მძიმე მეტალებით, ნიადაგის და წყლების დამლაშება და სხვ. როგორც პასუხი ყოველივე ამაზე, საერთოდ სინთეტიკური სასუქების და ინსექტიციდების გადამეტებულ გამოყენებაზე 1940 წლიდან ევროპასა და ამერიკაში დაიწყო ორგანული სოფლის მეურნეობის, როგორც დამოუკიდებელი მიმდინარეობის აქტიური განვითარება.

1940 წელს ბრიტანელმა მეცნიერ-ბოტანიკოსმა ალბერტ გოვარდმა, რომელიც ითვლება ორგანული სოფლის მეურნეობის დამფუძნებლად, წამოაყენა ნიადაგის განოყიერების წინადადება მცენარეული ნარჩენების და ნაკელის კომპოსტების გამოყენებით. 1972 წელს შეიქმნა ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფედერაცია (IFOAM), რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში ორგანული სოფლის მეურნეობის დამკვიდრების ინფორმაციის გავრცელება.

1990 წლისათვის „მწვანე“ მოძრაობამ და „მწვანე“ ფილოსოფიამ უკვე მსოფლიო მასშტაბი შეიძინა. გარემოს დაცვა და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ბევრი ქვეყნის მთავრობისათვის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. ჯანსაღი ცხოვრების თითქმის 50% სწორედ ჯანსაღ კვებაზეა დამოკიდებული. ჯანსაღი კვება კი ნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით კვებას. ეკოპროდუქტები - ისეთი პროდუქტებია, რომლებიც მოყვანილია სუფთა მიწაზე, ქიმიური სასუქების გამოყენების, გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების, ხელოვნური და საგემოვნო დანამატების, კონსერვანტების, საღებავების და სხვა მინარევების და გადამუშავებულია მავნე ტექნოგენური ზემოქმედების გარეშე. ეს პროდუქტები შეიცავს უფრო მეტ სასარგებლო მინარევებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, რაც, საბოლოო ანგარიშით, დადებითად ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეკოპროდუქტების მარკირებისათვის სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენება სხვადასხვა ტერმინები - „ეკო“, „ბიო“ ან „ორგანიკ“-ი. ეს აღნიშვნები მომხმარებელს აუწყებს, რომ პროდუქტი მიღებულია ნატურალური წესით, ქიმიური რეაგენტების გამოყენების გარეშე, ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე, სადაც 500 კმ რადიუსით არ არის არანაირი ქიმიური ან სხვა ეკოლოგიურად მავნე წარმოება. მართალია, მათი ფასი დაახლოებით 3-5-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი კვების პროდუქტებისა, მაგრამ მათი გამოყენება, საბოლოო ანგარიშით, ემსახურება რა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, რა თქმა უნდა, უფრო მომგებიანია, სწორედ იმის გამო, რომ ამცირებს დანახარჯებს ჯანდაცვაზე.

დღეისათვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ტოპათეული მსოფლიოში ასე გამოიყურება:
-IKEA- ავეჯის საწარმოებლად იყენებს დიდი რაოდენობის ხის მასალას, მაგრამ ასევე დიდ ინვესტიციებს ხარჯავს ტყის აღდგენით პროგრამებზე.
-Nike- გიგანტი ფირმა ფეხსაცმლის წარმოებაში, იყენებს მავნე ნივთიერებების გამოყოფის ნორმების შემცირების უახლეს ტექნოლოგიებს, რის შედეგადაც ამ კომპანიამ შეძლო მათი 80%-ით შემცირება. სწორედ Nიკე ამზადებს ყველაზე „მწვანე“ ფეხბურთის ბუტსებს.
-Johnson & Johnson- ითვლება მსოფლიოში სოციალურად ყველაზე პასუხისმგებლიან ორგანიზაციად. მან საკუთარი წარმოების უდიდესი ნაწილი გადაიყვანა მზის ენერგიის გამოყენებაზე.
-QMI Services- კომპანია ქმნის და აწარმოებს დანადგარებს, რომლებიც სხვა კომპანიებს ენერგოდანახარჯების მინიმიზების საშუალებას აძლევს, რითაც ამცირებს ცუდ ზემოქმედებას გარემოზე.
-Philips Electronics- ხარჯავს მილიარდებს გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური პროექტების განსახორციელებლად.
-Earth Tec- ახორციელებს ნარჩენების გადამუშავებას და მეორადი მასალებით პროდუქციის წარმოებას.
-Schott- მინის მწარმოებელი კომპანია, რომელმაც პირველმა დანერგა მინაკერამიკული პანელების წარმოება მძიმე მეტალების დანამატების გამოუყენებლად.
-Dell- 2008 წლიდან წარმატებით იყენებს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირების პროგრამას და 2015 წლისათვის მათი რაოდენობა 40%-ით შეამცირა.
-Tupperware- კომპანია ახორციელებს მკაცრ ეკოლოგიურ კონტროლს თავის ყველა საწარმოში, ამით ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას და ეფექტურად იყენებს ნარჩენებს.
-IBM- ამ გიგანტმა ბოლო პერიოდში ენერგიაზე საკუთარი დანახარჯები 5.1 მლრდ კვტ/სთ-ით შეამცირა.

სპეციალისტების შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება ინტერესი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიმართ. მაგალითად, 2000 წლიდან (20 მლრდ აშშ დოლარი) 2012 წლისათვის მოთხოვნა ეკოპროდუქტებზე 3-ჯერ მეტად გაიზარდა (60 მლტდ აშშ დოლარი), ხოლო 2020 წლისათვის 200-250 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდება. ამ მხრივ ლიდერები არიან აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, შვეიცარია.
ერთ სულ მოსახლეზე ორგანული პროდუქციის მოხმარების მხრივ ევროპული ქვეყნები ლიდერობენ IFOAM ჴ ის 2015 წლის მონაცემების მიხედვით ყველაზე მეტს - 221 ევროს ხარჯავენ შვეიცარიაში, 164 ევროს - ლუქსემბურგში, 162 ევროს - დანიაში, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი აშშ-ში 106 ევროს უდრის.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ბიო მწარმოებელი მსოფლიოში ინდოეთს ყავს (2015 წელს - 585 200 ფერმერი), სადაც ბიო პროდუქტების წარმოება ხორციელდება 1,18 მილიონ ჰექტარზე, ხოლო FOAMჴის ფილალების რაოდენობის მიხედვით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს (73 ფილიალი).

სპეციალისტები თვლიან, რომ ორგანული პროდუქტების ბაზარი არის მსოფლიო ბაზრის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი. ბოლო 15 წლის განმავლობაში იგი 5-ჯერ გაიზარდა და 80 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. უმსხვილესი მათ შორის არის ამერიკული (36 მლრდ აშშ დოლარი წელიწადში), ევროპული ეკოპროდუქტების ბაზარი დღეს 20 მლრდ ევროდაა შეფასებული და ბოლო წლებში ყოველწლიურად მისი ზრდის მაჩვენებელი 20%-ს უტოლდება. აქედან უმსხვილესია გერმანული (10.5 მლრდ აშშ დოლარი), ფრანგული (6.8 მლრდ აშშ დოლარი) ბაზრები.

ასევე 15 წლის პერიოდში ევროპის ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიოპროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელი, რის შესახებ წარმოდგენას გვაძლევს ცხრილი 1.

ორგანული პროდუქტების გაყიდვების ზრდა ევროპაში

2000-2016 წლებში(მლნ ევრო)

ქვეყანა

2000

2016

ზრდა

გერმანია

2050

9578

7528

იტალია

1050

2644

1594

საფრანგეთი

1000

6736

5736

დიდი ბრიტანეთი

970

2460

1490

შვეიცარია

509

2297

1788

დანია

375

1298

923

ნიდერლანდები

325

1070

745

ავსტრია

225

1540

1315

ესპანეთი

170

1685

1515

 ცოტა ხნის წინ ევროპაში გაჩნდა და ფეხს იკიდებს ე.წ. მოძრაობა Slow Food (ნელი კვების ობიექტები), ე.წ. Fast Food (სწრაფი კვების ობიექტები) საპირისპიროდ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პერმანენტული სარეკლამო კამპანია, რომლის ძირითადი ადრესატი მოზარდები და ახალგაზრდობაა. მაგალითად, ჩეხეთში მიმდინარეობს მასშტაბური სარეკლამო კამპანია, რომელიც მოუწოდებს ეკოპროდუქტების მოხმარებისაკენ და ფინანსდება ნაწილობრივ ევროკავშირის და ნაწილობრივ ჩეხეთის მიწათმოქმედთა სახელმწიფო ფონდის მიერ. ძირითადად იგი მიმართულია სკოლებში საგანმანათლებლო-საინფორმაციო კურსების შექმნისაკენ; ამდაგვარი სწავლებისაკენ მიმართულია ასევე მოძრაობა ბრიტანეთში: Food for Life, რომელიც დამატებით ორგანიზებას უკეთებს კულინარიულ კურსებს, სადაც შეასწავლიან ბიოპროდუქტების მომზადება-მოხმარებას; იტალიაში ბევრ სკოლაში გამოიყენება მხოლოდ ბიოსადილები და სხვ. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ჯერ კიდევ ზღვაში წვეთია.მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არსებობს და ალბათ არც უახლოეს პერიოდში გამოინახება სასურსათო უზრუნველყოფის გლობალური პრობლემის გადაწყვეტის უნივერსალური მოდელი. ჩვენი აზრით, ამ პრობლემის სიმძიმე დღესაც და მომავალშიც, ეროვნულ დონეზე იქნება გადასაწყვეტი. ამიტომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსავ პრეტენზია აქვს ჰქონდეს წარმატებული ეკონომიკა, აუცილებლად უნდა ზრუნავდეს რაც შეიძლება მალე შექმნას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების ეროვნული მოდელი, რომლის საფუძველი იქნება შესაბამისი განათლება, ანუ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბიოაგრარული განათლების გაძლიერებულ სწავლებას შესაბამის უმაღლეს და სპეციალურ სასწავლებლებში; ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლება უნდა მოხდეს უშუალოდ ბიოფერმერულ მეურნეობებში, ასევე მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე პროფესიონალი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მიერ. იგი ჰარმონიაში უნდა იქნეს მოყვანილი საერთაშორისო ნორმატიულ ბაზასთან იმდაგვარად, რომ უპირველესად დაცული იყოს სახელმწიფოს ინტერესები, ხოლო ძირითადი გათვლები გაკეთდეს არა მხოლოდ ექსპორტზე, არამედ მოსახლეობის ჯანსაღ კვებას, ჯანმრთელობასა და გამრავლებაზე.

ყოველივე ამის გაკეთება კი ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება. სწორად ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ასევე ჩვენს მიერ განხილული საჭირბოროტო პრობლემის წარმატებით გადაწყვეტის საწინდარია.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ., წრიული ეკონომიკა: არსი და თანამედროვე გამოწვევები, ჟ. "ეკონომისტი №1, 2019, ტ. XV, გვ. 20.
2. აბესაძე რ., ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი, თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი 2014, გვ. 60.
3. https://galoportal.ru/poleznoe/novosti/rynok-yekoproduktov/ТЕНДЕНЦИИ РАЗВИТИЯ РЫНКА ЭКОПРОДУКТОВ, 03 июля, 2017, ст. 99.
4. https://vivaeurope.ru/toeurope/pereesd-v-germaniuj/nachrichten-deutschland/bio
5. Евросоюз вводит новые правила для БиопродуктовАвтор:Наталья Глухова
6. http://xn--80aplem.xn--p1ai/analytics/Mirovoj-rynok-organiceskih-produktov-pitania/28 Ноября 2016 Мировой рынок органических продуктов питания
7. https://vikidalka.ru/1-220800.html Распространение Биопродуктов В Мире
8. https://tass.ru/ekonomika/419038419 АПР 2017, 12:13 Есть чисто: как развивается рынок экопродуктов
9. http://netgazeti.ge/business/21036/ ბიოპროდუქცია - გამოწვევა ქართული ეკონომიკისათვის.
10. https://mplast.by/novosti/2015-01-30-10-5/ Топ-10 экологически чистых производителей.
11. Экопродукты: мировые стандарты качества и перспективы... RealProducts.ru›ekoprodukty-mirovye-standarty.